მარანი მაჭრის დუღილის დროს ყრუდ არ უნდა იყოს დაკეტილი, რადგან დუღილისას ნახშირორჟანგის გაზი წარმოიქმნება. ამისათვის მაჭრის დუღილის დროს ყოველთვის სიფრთხილე უნდა იქონიოს კაცმა. მარნის ახლოს არ უნდა იყოს: ბოსელი, საღორე ან სხვა. მარანში არ უნდა იყოს შენახული ძმარი, წნილი, კომბოსტო, რისამე ტყავები, ყველი, ერბო, ქონი, თევზი, ზეთი, ლორი ან ძეხვები, თორემ სუნი ღვინოს გააფუჭებს.
ყოველთვის დიდი სისუფთავე უნდა იყოს მარანში.
თუ ღვინის ქვევრს სარქველის მოხდისას ელვამ დახედა, მაშინვე ღვინო შეიცვლება. თუ ქვევრი ღრმად არ ზის მიწაში და ბევრი მიწა არ აყრია გარშემო, თუ ქუხილის ხმა ესმა ღვინოს ქვევრში, წახდება ღვინო. მარანი ისე უნდა ააშენოთ, რომ მზის შუქი ან სიცხე, ან ცუდი სუნი არ შედიოდეს შიგ და ამასთან ქვევრს ელვა არ უნდა უდგებოდეს და ქუხილის ხმა არ ესმოდეს. მაშასადამე არ უნდა ახადოთ ქვევრი ელვიან და ქუხილიან ამინდში.
No comments:
Post a Comment